განაცხადი ფასდაკლებები შეკითხვა ექიმს
+995 599 94 49 62
+995 555 63 29 29

საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის პირობები COVID-19-ის დროს

საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის პირობები COVID-19 ვირუსის პანდემიის დროს

ინფორმაცია საქართველოში შემოსვლის წესებისა და პირობების თაობაზე

2021 წლის 1 თებერვლიდან, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამოქმედდა საქართველოში შემოსვლის ახალი წესები და პირობები:

კოვიდვაქცინით საქართველოში შემოსვლა

ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა.

კოვიდვაქცინის გარეშე საქართველოში შემოსვლა

  • საქართველოს მოქალაქეებისათვის

1. საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას) ან მე-3 დღეს სავალდებულო PCR ტესტირებას საკუთარი ხარჯით;
2. საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის არქონის შემთხვევაში – დაექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას);

ამასთან, პირები, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია, 12 დღით დაექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას.

  • უცხოელებისათვის

საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლის უფლება აქვს ქვემოთ მითითებული სახელმწიფოების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნებში ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს:

  • ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები;
  • ისრაელის სახელმწიფო;
  • შვეიცარიის კონფედერაცია;
  • ნორვეგიის სამეფო;
  • ამერიკის შეერთებული შტატები;
  • დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო;
  • საუდის არაბეთის სამეფო;
  • კატარის სახელმწიფო;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები;
  • ბაჰრეინის სამეფო;
  • თურქეთი;
  • აზერბაიჯანი;
  • უკრაინა;
  • სომხეთი;
  • რუსეთი;
  • ყაზახეთი;
  • ბელორუსი.

საქართველოში შემოსასვლელად ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:

  • საქართველოში უნდა გამოემგზავრონ საჰაერო გზით, ამავე ქვეყნებიდან, მათ შორის, მესამე ქვეყნების ტრანზიტული მგზავრობისთვის გამოყენების უფლებით. (სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია);
  • სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უნდა წარადგინონ საზღვრის კვეთამდე უკანასკნელ 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს, უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა, საკუთარი ხარჯებით;
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე უნდა შეავსონ სპეციალურ ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიეთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ;
  • პირები, რომლებსაც უფიქსირდებათ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია, 12 დღით დაექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას. ამ შემთხვევაში, PCR ტესტის საზღვარზე წარდგენა, ისევე როგორც, მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარება აღარ არის სავალდებულო.

ზემოთ მითითებული კატეგორიების გარდა, საქართველოში შემოსვლის შეზღუდვები არ ვრცელდება:

  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრებზე;
  • საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრებზე, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა;
  • ჰუმანიტარული მისიით მომავალ პირებზე – თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები და ა. შ.);
  • საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე;
  • პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებზე;
  • საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე;
  • ოფიციალური დელეგაციების წევრებზე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში;
    საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლებზე, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებში მონაწილე პერსონალზე, რომელიც დაკავშირებულია რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვა-გაცილებასთან და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებზე.

ასევე, იხილეთ:
- უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების საქართველოში შემოსვლის პროცედურები: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/193
- ინფორმაცია საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის მიზნით მომავალი უცხოელი ვიზიტორებისთვის: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/225
- ინფორმაცია "იმუშავე საქართველოდან" პროექტთან დაკავშირებით: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/194

*ზემოთაღნიშნული ინფორმაცია, აღებულია ოფიციალური წყაროდან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამსახურის ვებგვერდიდან: www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/247