განაცხადი ფასდაკლებები
+995 599 94 49 62
+995 555 63 29 29

კისრის თიაქრის მკურნალობა

კისრის თიაქარი - რატომ არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ კისრის ტკივილი.

რას იფიქრებს ადამიანი, თუ კისრის ქრონიკული ტკივილი დაეწყება? უმეტესობა მას ოსტეოქონდროზს, ე. წ. „მარილების დაგროვებას“ დააბრალებს და უყურადღებოდ დატოვებს. შემთხვევათა ნახევარში, დამნაშავე მართლაც ოსტეოქონდროზია, დანარჩენის მიზეზი კი უამრავი რამ შეიძლება იყოს, მათ შორის – კისრის თიაქარი, რომელიც უყურადღებობის შემთხვევაში მძიმე, შეუქცევად პათოლოგიას – კისრის დისკოს თიაქარს იწვევს.

მალათაშუა დისკოს ფუნქცია
მალათაშუა დისკო გვეხმარება ნებისმიერი ტიპის მოძრაობის შესრულებაში, გვანიჭებს მოქნილობას და ერთმანეთს აშორებს მალებს, ამორტიზაციის საშუალებას აძლევს ხერხემალს. დისკო ძირითადად შედგება წყლისა და კოლაგენური ბოჭკოებისგან, რომლებიც გარს ეკვრის შიგნით მდებარე თხევად ნაწილს და ქმნის ფიბროზულ რგოლს.
დისკოს თიაქარი ფიბროზული რგოლის გახევის შედეგია. თავდაპირველად ვითარდება პროტრუზია – დისკოს რგოლის გამობურცვა, გაჭიმვა, რასაც ზედაპირის დახეთქვა მოჰყვება. ნებაზე მიშვებული პროცესი იმით მთავრდება, რომ დისკოს თხევადი ნაწილი ფიბროზული რგოლის გარეთ გამოდის.
დისკო, შეიძლება შიგნითაც ჩაიზნიქოს. გარეთ გამოსული დისკო, ეხება და აღიზიანებს ზურგის ტვინიდან გამომავალ ნერვულ ფესვებს და შესაბამისი ადგილის ფუნქციის მოშლამდე (ძლიერი ტკივილი, დაბუჟება, სიხლძარღვოვანი დარღვევები) მივყავართ, ხოლო შიგნით ჩაზნექილი - აწვება ზურგის ტვინს, აფერხებს თავ-ზურგ-ტვინის სითხის (ლიქვორის) მიმოცვლას და ცერებრულ, თავისტვინისმხრივ ჩივილებს იწვევს.
თიაქარი, წესისამებრ, ჩნდება კისრის მე-5 და მე-6 ან მე-6 და მე-7 მალებს შორის. სიმპტომები ამ ორ შემთხვევაში სხვადასხვანაირია.
წინათ, ოსტეოქონდროზისა და კისრის თიაქრის დიაგნოზს, უმეტესად მოხუცებულ ასაკში სვამდნენ. ბოლო ხანს, პათოლოგიის გაახალგაზრდავება შეინიშნება - ის 25 წლის ასაკშიც კი გვხვდება.

რამ შეიძლება გამოიწვიოს თიაქარი
ხერხემალს ვნებს, არასწორი ცხოვრების სტილი, განსაზღვრული ტიპის სამუშაოები, როგორც ფიზიკური აქტიურობის უკმარისობა, ასევე ხერხემლის ზედმეტი დატვირთვა. სტატისტიკის თანახმად, კისრის თიაქარი უფრო ხშირად ემართებათ მამაკაცებს, რადგან მათი ცხოვრების წესისთვის უფრო დამახასიათებელია მძიმე დატვირთვა (ფიზიკური ჯაფა, პროფესიული სპორტი).
ოსტეოქონდროზისა და თიაქრის რისკი ემუქრებათ ადამიანებს, რომლებსაც ხშირად უწევთ ერთი და იმავე მოძრაობის შესრულება ან ერთსა და იმავე პოზაში დიდხანს ყოფნა, აქვთ შაქრიანი დიაბეტი, სისტემური ავტოიმუნური დაავადება, სიმსუქნე, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. თიაქარი შეიძლება ორთოპედიულმა პათოლოგიამაც გამოიწვიოს.

რისკჯგუფს მიაკუთვნებენ:
• სპორტსმენებს;
• მტვირთავებს;
• სამხედროებს;
• ოფისების თანმშრომლებს;
• მასწავლებლებს;
• მკერავებს;
• მეწაღეებს და სხვ.

სიმპტომები
თავდაპირველად დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. პაციენტი არაფერს უჩივის მანამ, სანამ არ დადგება პროტრუზიის პერიოდი. ზოგს, ამ პერიოდშიც კი არ აწუხებს დისკომფორტი და ტკივილის შეგრძნება. კისრის თიაქრის ტიპობრივი სიმპტომია, კისრის ძლიერი ტკივილი, რომელიც, შეიძლება გადაეცეს ბეჭებს, მხრებს და ლავიწის ძვლებს. პაციენტი ასევე შეიძლება უჩიოდეს თავის ძლიერ ტკივილსა და თავბრუხვევას, რაც უკვე, ნერვის დაზიანებაზე ან მიჭყლეტაზე მეტყველებს. სწორედ ამას უწოდებენ „ფესვობრივ სინდრომს“.
ტკივილს თან ახლავს ხელების დაბუჟება, რთულდება ზოგიერთი მოძრაობის შესრულება, მაგალითად, თავის მიტრიალ-მოტრიალება, დახრა. გაღვიძებისას, ადამიანს კისერი გაშეშებული აქვს, თავის მიტრიალ-მოტრიალების მცდელობა კი, კისრის ძლიერ ტკივილს იწვევს.
შესაძლოა, გაუარესდეს მხედველობაც და ამას, არავითარი ოფთალმოლოგიური დარღვევა არ ედოს საფუძვლად.
თიაქრის ადგილას, სახიფათო ცვლილებები მიმდინარეობს. სისხლის მიმოქცევის მოშლის გამო, კისრის არე განიცდის ჟანგბადოვან შიმშილს, რაც თავის ტვინის მუშაობაზე აისახება. პაციენტი უჩივის თავბრუხვევას, ყურების შუილს, თვალების დაბნელებას, კოორდინაციის დარღვევას. შესაძლოა, საქმე გულის წასვლამდეც მივიდეს.

დიაგნოსტიკა
კისრის ტკივილის გამო პაციენტები თერაპევტთან მიდიან. გამოკითხვის შემდეგ თერაპევტი მათ რენტგენოლოგიურ კვლევაზე გზავნის, კისრის თიაქრის დიაგნოზის დასმის შემდეგ კი პაციენტს ნევროლოგთან გადაამისამართებენ. საჭიროებისამებრ, მას ჩაუტარებენ ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსულ გამოკვლევას, რომელიც ხერხემლის თიაქრის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად მიიჩნევა.
ლაბორატორიული კვლევებიდან ინფორმაციულია რევმატოლოგიური სინჯები, კვლევა C-რეაქტიულ ცილაზე და სისხლის საერთო ანალიზი. თუ რევმატოლოგიური ფაქტორი დადებითი აღმოჩნდა, რევმატულ ანთებას და სახსრების დაზიანებას ვარაუდობენ.

მოსალოდნელი გართულებები
• ხელების სისუსტე და მოძრაობის გაძნელება – ყველაზე მძიმე შემთხვევებში ვითარდება ხელების დამბლა ან პარეზი, როდესაც თიაქარი მთლიანად აწვება ნერვულ ფესვებს.
• კანის მგრძნობელობის დარღვევა – დაბუჟება და მგრძნობელობის დარღვევა ჯერ თითებზე აღინიშნება, მერე ნელ-ნელა მოედება მტევანს და წინამხარს. საბოლოოდ პროცესი მოიცავს მთელ კიდურს.
• ზურგის ტვინის კომპრესია (ზეწოლა) – ამ დროს ოპერაცია გარდაუვალია. ეს ძალიან საშიში მდგომარეობაა, რადგან თუ ზურგის ტვინის კომპრესია მე-4 მალის დონეზე მოხდა, მოსალოდნელია სუნთქვის გაჩერება, მე-5 მალის დონეზე – ზედა კიდურების დამბლა, მე-6 და მე-7 მალებს შორის კომპრესია კი ზედა და ქვედა კიდურების ბლოკირებას იწვევს.
• სკოლიოზი – ტკივილის გამო პაციენტი იძულებულია, აირჩოს განსაზღვრული პოზა, რასაც ხერხემლის გამრუდებამდე მივყავართ. კისრის ერთ მხარეს ხდება კუნთების ატროფია (განლევა), მეორე მხარეს კი ვითარდება ჰიპერტონუსი (ჭარბი ტონუსი).

მკურნალობა
დაავადების საწყის სტადიაზე ტკივილის სინდრომის მოსახსნელად შესაძლოა ჩატარდეს თერაპიული მკურნალობა. შორს წასულ შემთხვევაში და დიდი ზომის თიაქრის (7 მმ) დროს კი - აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.
მკურნალობა მოიცავს სამ დამოუკიდებელ მიმართულებას: მედიკამენტურ თერაპიას, აღდგენით თერაპიას და ქირურგიულ ჩარევას. უმეტესად, კომბინირებულ მიდგომას იყენებენ.
დაავადების მწვავე პერიოდის გავლისა და მედიკამენტოზური თერაპიის შემდეგ, პაციენტმა აუცილებლად უნდა გაიაროს სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსი კურორტზე.
კისრის თიაქრის კურორტზე სამკურნალოდ, აუცილებელია გაემგზავროთ დაავადების რემისიის ანუ გამწვავებათა შორის პერიოდში. კისრის თიაქრის საკურორტო მკურნალობისათვის, ყველაზე ოპტიმალურია ის კურორტი და საკურორტო დაწესებულება, რომლის მთავარ (პირველად) სპეციალიზაციასაც წარმოადგენს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების მკურნალობა.
სანატორიულ-საკურორტო მკურნალობა ახდენს ანთების კუპირებას, სიმპტომების მინიმიზაციას, და რაც მთავარია - ათავისუფლებს ადამიანს მტანჯველი ტკივილისგან და უბრუნებს მას სრულფასოვან ფიზიკურ აქტივობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
კურორტებზე, სპეციალისტები იყენებენ ბუნებრივი ფაქტორების მოხმარების მაღალეფექტურ მეთოდიკებს: ბუნებრივი მინერელური წყლებით მკურნალობა (აბაზანები, შხაპები, ცურვა აუზში, თერმული პროცედურები), სამკურნალო ტალახები (სამკურნალო ტალახის აპლიკაციები, აბაზანები). ასევე, ექიმების არსენალშია, სხვა მაღალეფექტური სამკურნალო პროცედურები: ხერხემლის ჰორიზონტალური გაჭიმვა წყალქვეშ, სამკურნალო კლასიკური მასაჟი, ჰიდრომასაჟი, ფიზიოთერაპიული (ელექტროთერაპიული) პროცედურები, სამკურნალო ტანვარჯიში (ფიზკულტურა) აუზში, სახვადასხვა სახის ჰიდროპროცედურები.
კურორტ წყალტუბოში, მის უნიკალურ თერმულ-რადონულ წყლებთან ერთად, გამოიყენება კისრის თიაქრის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები. ჰიდროთერაპიის, ფიზიოთერაპიის (ელექტროთერაპიის) და სამკურნალო კლასიკური მასაჟის და სხვა მეთოდების კომპლექსური გამოყენებით, მიიღწევა კისრის თიაქრის მკურნალობის საკმაოდ მაღალი ეფექტი და ეს ეფექტი ნარჩუნდება საკურორტო მკურნალობის დასრულებიდან საკმაოდ დიდი ხნით.
აღსანიშნავია, რომ წყალტუბო შედის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა სამკურნალო მსოფლიოში უძლიერესი კურორტების რიცხვში.
თუ კისრის თიაქარს დროულად არ ვუმკურნალეთ, შესაძლოა პაციენტი დაინვალიდდეს, ამიტომ, სათანადო ყურადღებით მოეკიდეთ საკუთარ ჯანმრთელობას.