განაცხადი
დარეკეთ 10:00 - 17:00
+995 599 94 49 62
დარეკეთ 10:00 - 17:00
+995 555 63 29 29

მალთაშუა თიაქრის მკურნალობა

მალთაშუა თიაქრის მკურნალობა

მალთაშუა თიაქარი – წარმოადგენს მალთაშუა დისკის ბირთვის პროტრუზიას ხერხემლის არხში, რომელიც წარმოიქმნება ფიბროზული რგოლის ერთიანობის დარღვევით.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
• ოსტეოქონდროზი;
• სქოლიოზი, კიფოზი, ლორდოზი;
• ხერხემლის ტრავმები;
• რევმატიული დაავადებები;
• თანდაყოლილი პათოლოგიები;
• ასაკობრივი ცვლილებები, რაც იწვევს დამაკავშირებელი ქსოვილების დარღვევას.

მაპროვოცირებელი ფაქტორებია:
• სიმძიმეების აწევა;
• მკვეთრი მოძრაობები;
• დაცემა ან დარტყმა, რომელიც იწვევს ხერხემლის დაზიანებას.

მალთაშუა თიაქარის სახეობები
ლოკალიზაციის მიხედვით გამოიყოფა:
• ხერხემლის კისრის ნაწილის მალთაშუა თიაქარი;
• ხერხემლის გულმკერდის ნაწილის მალთაშუა თიაქარი;
• ხერხემლის გავა-წელის ნაწილის მალთაშუა თიაქარი.

ზომების მიხედვით გამოიყოფა:
• პატარა –2 მმ-მდე კისრის ნაწილში და 4 მმ-მდე წელის ნაწილში;
• საშუალო – შესაბამისად 4 მმ-დან 7 მმ-მდე;
• დიდი – 6 მმ-დან 9 მმ-მდე;
• ძალიან დიდი – 9 მმ-დან ზევით.

სიმპტომები
• კისრის ნაწილის მალთაშუა თიაქარს ახასიათებს: თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. ტკივილის შეგრძნება შეიძლება გაჩნდეს მხარსა და მკლავშიც. თითებზე აღინიშნება გრძნობის დაკარგვა და პარესთეზია. დაავადების ხანგრძლივი გაგრძელების დროს აღინიშნება უძილობა, არტერიული წნევის ცვალებადობა.
• გულმკერდის მალთაშუა თიაქარს ახასიათებს: გულმკერდის არეში ტკივილი, განსაკუთრებით მკვეთრი მოძრაობებისას, ღრმა სუნთქვა, ზოგჯერ ეს ტკივილი ერევათ გულის ტკივილში.
• წელის ნაწილის მალთაშუა თიაქარს ახასიათებს: წელის არეში ტკივილი, რაც ხელს უშლის მოძრაობას. ასევე შეიძლება ადგილი ჰქონდეს ფეხების, წვივების, თეძოების ტკივილსაც. ტკივილს ხშირად ახლავს მგრძნობელობის დაკარგვაც.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. ხშირად საჭირო ხდება ნეიროქირურგის და მანუალური თერაპევტის კონსულტაცია.
მკურნალობის დასადგენად საჭიროა მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ); კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ);

მკურნალობა
• ვარჯიში – სპეციალურად შემუშავებული ვარჯიშის შესრულება რეგულარულად, რაც ხელს უწყობს ხერხემლის დისკების გასწორებას და სტაბილიზაციას;
• სპეციალისტის მიერ ჩატარებული მასაჟი;
• ხერხემლის ჰორიზონტალური გაჭიმვა წყალში - რომელსაც ატარებს ექიმი; 
• მედიკამენტური თერაპია - (ტაბლეტები, საცხები) გამოიყენება ტკივილის მოსახსნელად; 
• ჰომეოპათიაც მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს. საზღვარგარეთ, მიღებულია ჰომეოსინიატრიის მეთოდი, რომელიც ემყარება დეტოკსიკაციას, ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას და ორგანიზმის დამცავი ძალების სტიმულაციას, რის შედეგადაც ხდება ანთებით პროცესებით გამოწვეული ტკივილების მოხსნა და დისკის სტრუქტურის აღდგენა.

მალთაშუა თიაქრის მკურნალობა კურორტზე 
მალთაშუა თიაქრის კურორტზე სამკურნალოდ, აუცილებელია გაემგზავროთ დაავადების რემისიის ანუ გამწვავებათა შორის პერიოდში. მალთაშუა თიაქრის საკურორტო მკურნალობისათვის, ყველაზე ოპტიმალურია ის კურორტი და საკურორტო დაწესებულება, რომლის მთავარ (პირველად) სპეციალიზაციასაც წარმოადგენს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების მკურნალობა.
სანატორიულ-საკურორტო მკურნალობა ახდენს ანთების კუპირებას, სიმპტომების მინიმიზაციას, და რაც მთავარია - ათავისუფლებს ადამიანს მტანჯველი ტკივილისგან და უბრუნებს მას სრულფასოვან ფიზიკურ აქტივობას ყოველდღიურ ცხოვრებაში. 
კურორტებზე, სპეციალისტები იყენებენ ბუნებრივი ფაქტორების მოხმარების მაღალეფექტურ მეთოდიკებს: ბუნებრივი მინერელური წყლებით მკურნალობა (აბაზანები, შხაპები, ცურვა აუზში, თერმული პროცედურები, მინერალური წყლის დალევა), სამკურნალო ტალახები (სამკურნალო ტალახის აპლიკაციები, აბაზანები). ასევე, ექიმების არსენალშია, სხვა მაღალეფექტური სამკურნალო პროცედურები: ხერხემლის ჰორიზონტალური გაჭიმვა წყალქვეშ, სამკურნალო კლასიკური მასაჟი, ჰიდრომასაჟი, ფიზიოთერაპიული (ელექტროთერაპიული) პროცედურები, სამკურნალო ტანვარჯიში (ფიზკულტურა) აუზში, სახვადასხვა სახის ჰიდროპროცედურები. 
კურორტ წყალტუბოში, მის უნიკალურ თერმულ-რადონულ წყლებთან ერთად, გამოიყენება მალთაშუა თიაქრის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები. ჰიდროთერაპიის, ფიზიოთერაპიის (ელექტროთერაპიის) და სამკურნალო კლასიკური მასაჟის და სხვა მეთოდების კომპლექსური გამოყენებით, მიიღწევა მალთაშუა თიაქრის მკურნალობის საკმაოდ მაღალი ეფექტი და ეს ეფექტი ნარჩუნდება საკურორტო მკურნალობის დასრულებიდან საკმაოდ დიდი ხნით. 
აღსანიშნავია, რომ წყალტუბო შედის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებათა სამკურნალო მსოფლიოში უძლიერესი კურორტების რიცხვში.

რისკის ჯგუფი
ჯგუფში შედიან ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ:
• ხერხემლის გამრუდება და სხვა დაავადებები;
• ჭარბი წონა;
• არიან 25-50 წლის ასაკის;
• აქვთ მჯდომიარე სამუშაო;
• ხშირად უწევთ სიმძიმეების აწევა.

პროფილაქტიკა
პროფილაქტიკისთვის ეფექტური საშუალებაა: სიმძიმეების აწევისგან თავის შეკავება, ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონა, დილაობით ყავის ნაცვლად ბალახეული ჩაის დალევა და დაბალანსებული კვება, თამბაქოსგან და ალკოჰოლისგან თავის შეკავება, სხეულის ზედმეტი წონის მოშორება, ასევე, ანთებითი პროცესების და სხვა დაავადებების დროული გამოვლენა და მკურნალობა.